ჯანდარის ტბაზე ნაპოვნია 21 და 27 წლის მეთევზეთა ცხედრები

საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და მყვინთავთა ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.