ლონდონში გამართული ნატოს სამიტის ერთადერთი შედეგია ის, რომ ნატო არ დაიშალა. საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიერ გამოცხადებულ “ნატოს ტვინის სიკვდილს” სერიოზულად აღიქვამენ ამ თეზისის მოწინააღმდეგეები და ფრიად გაღიზიანებულნი არიან. სამიტის შედეგი – ნული; სამაგიეროდ, რამდენიმე სკანდალი მოხდა.
ამ სკანდალებიდან პირველი არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების წინაშე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ნატოს ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ აუგად მოიხსენია:
“ეს არის ორპირი ადამიანი” – თქვა ტრამპმა მეზობელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის შესახებ, – “იგი სასიამოვნო ბიჭია, მაგრამ, როგორც ჩანს, გაბრაზებულია, რადგან კანადის მხრიდან ნატოს არასაკმარის დაფინანსებაზე მივუთითე”.
ტრამპის რეაქცია გამოწვეულია ტრიუდოს მიერ მისი დაცინვის გამო; ჟურნალისტებმა მიკროფონი ჩართული დატოვეს მაშინ, როდესაც ტრიუდო საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონს ესაუბრებოდა. მიკროფონიდან გაისმა ტრიუდოს დამცინავი სიტყვები:
“დაინახეთ, როგორ ჩამოუვარდათ ყბები მისი გინდის წევრებს, როდესაც კიდევ ერთ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა?” – ამერიკის პრეზიდენტზე გაიხუმრა ტრიუდომ და მას ამ დაცინვაში ფრანგი და ბრიტანელი კოლეგები სიცილით აჰყვნენ.
შემდგომ, ტრიუდო პრეს-კონფერენციაზე შეეცადა, ვითარება განემუხტა, მაგრამ ტრამპს წყენა წყენად დარჩა, არსებულმა ვითარებამ კი თვალნათელი გახადა, რომ ნატოს ლიდერები არ არიან შეკრული გუნდი და ერთმანეთს ორგანულად ვერ იტანენ.