გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ზე დაწერა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და ის ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.

გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ.

პირველ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.