“ნაცმოძრაობას“ ოცნება არ შეუსრულდება!” – მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვას, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ამ პარტიის ოცნება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არის, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება.

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს – უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა ქაოსი, თუმცა მარგინალური ჯგუფები და მეორადი „კმარელები“ სახელმწიფოს სტაბილურობას ვერ შეარყევენ.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ისინი ამბობენ – ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, ყველა მსგავსი სისტემა, სრულად მაჟორიტარული, შერეული, პროპორციული – ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. შეუძლებელია პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემზე გადასვლის იდეამ. საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.