მოსკოვში ვიზიტით მყოფი ოპოზიციონერი ქალბატონის, სააკაშვილის პერიოდში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვოიაჟის ერთი ცნობილი დეტალია ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კერძოდ, ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ მიიღო. მანამდე შედგა შეხვედრა რუდენკოსა და აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრ” კოვეს შორის, რომელზეც საუბარი ჟენევის პროცესზე კოორდინაციას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლედ იტყობინება:
“განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსეთის მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ნორმალიზაციის სურვილი, ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში უფრო საპასუხისმგებო მიდგომა გამოავლინონ რუსეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მოსკოვში ამ პროცესებს საქართველოს საშინაო საქმედ განიხილავენ” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ რელიზში.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არც ავიამიმოსვლა აღდგენილა და არც ვაჟა გაფრინდაშვილი გაუთავისუფლებიათ. ეს საკითხები ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, საზოგადოებამ კი ხმა ამოიღოს, რომ რუსეთთან “ოკუპანტის” ძახილი არაფერ კარგს არ მოუტანს ისევ საქართველოს, არამედ დიალოგია ერთადერთი სწორი გზა.