ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვოიაჟის რეალური მიზეზი

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, მოსკოვში ყოველთვის გარანტირებული აქვს კარგი დახვედრა. ამჯერადაც ასე მოხდა, ქ-ნი ნინო საკმაოდ მაღალ დონეზე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდენკომ და პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კოსაჩოვმა მიიღეს.

მაგრამ ისმის კითხვა: რაში სჭირდებოდა ბურჯანაძეს ეს ვიზიტი და შეხვედრები მაშინ, როდესაც იგი შუაგულ ოპოზიციურ გამოსვლებში გადაეშვა და გრიშა ვაშაძესთან და გიგა ბოკერიასთან ერთად ე. წ. პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვს? თანაც, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ მისი მოულოდნელი გადაფრენა მოსკოვში გაღიზიანებას გამოიწვევდა რუსოფობიაზე პროფილირებულ ოპოზიციონერთა შორის და ეს ასე მოხდა კიდეც.

რეალურად, ოპოზიციაში ბურჯანაძის გამოჩენა რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაგზავნილ სიგნალს მოასწავებდა – “ნახეთ, თქვენი ერთადერთი მოკავშირე აღმოვჩნდი რუსოფობ ოპოზიციას შორის – დამაფასეთ!”, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბურჯანაძემ, როგორც ჩანს, ვერ გათვალა და, მისი გათვლების საპირისპიროდ, ოპოზიციური პროტესტი მალევე ჩაფლავდა.

სამაგიეროდ, ქალბატონ ნინოს, რომელიც ყოველთვის ჭკვიან და განათლებულ ადამიანად, მაგრამ არასოდეს პრინციპულად არ აღიქმებოდა, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგა – მისი ერთგული ელექტორატი აშკარად მის წინააღმდეგ განეწყო (მათ რიცხვში არ იგულისხმებიან პარტიული აქტივისტები, ვინც პარტიის ბიუჯეტიდან უშუალოდ ფინანსდებიან ან დაფინანსების იმედი აქვთ). ეს ნეგატიური განწყობები სოციალურ ქსელებში გაკეთებული უამრავი კომენტარიდან ადვილი გასაგებია და ქალბატონი ნინოც, როგორც არა მაინცდამაინც პრინციპული, მაგრამ ჭკვიანი, ამ ტენდენციას მიხვდა. ამიტომაც მან ისევ “შემოაბრუნა” თავისი პოლიტიკა რუსეთისაკენ და რუსეთში ჩასულმა ისიც კი განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს თბილისში ულამაზოდ მოექცნენ.

ყველა ყველაფერი, მაგრამ გავრილოვის თემა დღევანდელი რუსოფობული ოპოზიციის ჟანგბადი და წყაროს წყალია. ქ-მა ნინომ კი აშკარად დაარღვია ეს წითელი ხაზი და ახლა საკითხავია, მიესვლება მას ისევ ამ ოპოზიციასთან თუ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განზე გადგება.

ასევე საკითხავია, რუსეთში გამართული ვოიაჟით და იქ გაჟღერებული აქტუალური თემებით – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთთან, დაიბრუნებს თუ არა ბურჯანაძე თავის განაწყენებულ ამომრჩევლებს. თავისთავად ცხადია, რომ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილს ადრე თუ გვიან ისედაც გამოუშვებენ და რუსეთიც ასევე აღადგენს საავიაციო კავშირს საქართველოსთან – ნინო ბურჯანაძე იტყვის: აი ხომ ხედავთ, მე რომ მოსკოვში ჩავედი 2019 წლის დეკემბერში, ეს ამის გამო მოხდაო; მაგრამ ბევრი დაიჯერებს ამ სასიამოვნო ისტორიას? – საკითხავი მხოლოდ ეს არის.

 

ირმა მარშანია