პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა იცოდნენ, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ ბავშვებს და ანაზღაურებაც კი მიიღეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

„არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ამჟამად, დღევანდელ განსახილველ საქმეზე დაბარებულია საერთო ჯამში 21 ადამიანი, აქედან 10 ადამიანის აღკვეთი ღონისძიება უკვე იყო, 11-ის აღკვეთი ღონისძიება განიხილება დღეს. 10 მშობელია, 1 მასწავლებელი, 10-ვე მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები. ვინც დაკავებულია, ყველა მათგანი ესწრებოდა ფოტოგადაღებას”, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.