დასრულდა რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლ. პუტინისა და ალ. ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა და ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
რუსეთსა და ბელარუსს შორის ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუმცა ეს პრობლემები, მიუხედავად მათი სიმწვავის ხარისხისა, მეტწილად უფრო ტექნიკური ხასიათის იყო, ვიდრე სტრატეგიულის.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქვეყნებს შორის საკამათო საკითხების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო”. კერძოდ, ორმა მხარემ მოახერხა, ერთმანეთის პოზიციები დაეახლოებინათ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკითხებში.
გარდა ამისა, შემუშავებულ იქნა ნავთობის ბაზრის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობისა და საბაჟოს სფეროებში რეგულირების ახლებური მიდგომები. მთლიანობაში, “ძალზე ნაყოფიერი მუშაობა იქნა გაწეული” – აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
ორშაბათიდან დაიწყება უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებების საექსპერტო დამუშავება. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს კვლავ შეხვდება 20 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში.
რუსეთსა და ბელარუსს შორის მწვავე ტონის შერბილება და მთელი რიგი საკითხების მოგვარება სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის – რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძლიერდება.