ბესელიას მიერ დაანონსებულ აქციას “ნაციონალების” სრული მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საგანგებოდ მიმართავს საზოგადოებას, რომ 11 დეკემბერს, დილის 10-ის ნახევარზე, პარლამენტის შენობის წინ მივიდეს ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი და გამოხატოს მძლავრი პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით ზაალ უდუმაშვილმაც გამოთქვა მზადყოფნა .

„სასამართლოს თემასთან მიმართებით, რა თქმა უნდა ჩვენც ძალიან აქტიურები ვიქნებით. უბრალოდ ველოდებით, როდის იქნება განხილვა პარლამენტში, კონკრეტულად რომელ დღეს ჩაინიშნება მოსამართლეების თემის განხილვა. იმიტომ, რომ ეს არ არის რომელიმე პარტიის თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეტენზია, ეს არის ზოგადად მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

ეს ეხება მთელ ქვეყანას, ჩვენს მომავალს ეხება – ამ დანგრეულ სასამართლო სისტემაში საბოლოო ჯამში მივიღებთ თუ არა მართლა მორჩილ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილს დაემორჩილება თუ ჩვენ გვექნება სასამართლო, სადაც ადამიანმა სამართალი უნდა იპოვოს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის ქვეყანაში. შესაბამისად რეაქციაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ, თუ არა მთელი ოპოზიციური სპექტრს ბესელიას აქციაზეც – უდუმაშვილმა უპასუხა :  “რა თქმა უნდა”.

 

წყარო: “აიპრესი”