11 დეკემბერს “სირცხვილია” პარლამენტის პიკეტს აანონსებს. გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.
” სასამართლოს თემა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სასამართლო ის მოვლენაა, რომელთანაც ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუკი რამემ დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ერთ-ერთი მიზეზი იყო სასამართლო, რომელსაც არასდროს არ ეშველა. ამაზე გვექნება ძალიან მძაფრი რეაქცია, ჩვენ თვეების განმავლობაში ამ თემას უყურადღებოდ არ ვტოვებდით და პიკეტირებით, როგორც მინიმუმ, ხელს შევუშლით ამ პროცესს” – ამბობს მაქარაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და აუცილებლად შეეცდებიან, დაანახონ მათ საზოგადოების ერთიანობა სასამართლოს თემაზე.
11 დეკემბერს, 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს.