ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ”სოფოს” მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია TV” ავრცელებს.
“ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში”, – თქვა მანანა ერქომაიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სეს-ის მიერ აღმოჩენილ ვადაგასულ ხორცზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 198ე მუხლით არის აღძრული, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.
“გურია TV”-ის ინფორმაციით, ამ წუთებში პოლიცია სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად, ლუქავს ტონამდე საქონლის ხორცს, რომელიც ხვალ, აჭარის ბაღებში უნდა შესულიყო.