ქალი, რომელსაც უცნობმა ყელი გამოჭრა, გადარჩა

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს.

„გუშინ შემოიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ გადაყვანილი იქნა პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აღნიშნეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს