საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაშავდა, მიმდინარეობს გამოძიება

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში უტარდება.

როგორც სამინისტროში განaცხადეს, შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქის დაშავება და კონკრეტულად, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

წყარო : “ინტერპრესნიუსი”