“სოკარმა” საქართველო “ჯიბეში ჩაისვა”

აზერბაიჯანული “სოკარი” ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე დომინირებს და ამას აზერბაიჯანული სახელმწიფოს სასარგებლოდ იყენებს – საქართველოს ხარჯზე. აზერბაიჯანი, ყველაფერთან ერთად, ბუნებრივი აირის მოწოდებაში მონოპოლისტია; ხშირად რუსეთიდან გვაწვდის დამატებითი გაზის მოცულობებს, რასაკვირველია, გაძვირებული ფასებით. ამ დროს საქართველოში მოქმედი მე-5 კოლონა ყველაფერ რუსულს “ებრძვის”, სინამდვილეში კი საქართველოს ისედაც სუსტ სუვერენიტეტს ძირს უთხრის.

გთავაზობთ “სოკარის” ძირგამომთხრელ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ სტატიას სახელწოდებით “ეკონომიკური ექსპანსია აზერბაიჯანულად – ,,სოკარის” მეტასტაზები ქართულ ენერგეტიკაში”, რომელიც bfm.ge-მ გამოაქვეყნა:

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი საქმიანობის სპექტრიც და მოცვაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საწვავის ბაზარი

გარდა იმისა, რომ კომპანია “სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია” საქართველოში საწვავის ერთ-ერთი მთავარი შემომტანია, მას აქვს ე.წ. ვერტიკალური დაშვება ბაზარზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ”სოკარი” მწარმოებელი, საბითუმო შემომტანი და საცალო ქსელების ოპერატორიც ერთდროულადაა, რაც მას სხვა მცირე კომპანიებთან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. ხსენებულ უპირატესობას “სოკარი” ხშირად ბოროტადაც იყენებს, მცირე კომპანიების ბაზრიდან განსადევნად, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ.

“სოკარი” ასევე იმ ხუთ ნავთობიმპორტიორს  შორის სახელდება, რომლის მიმართაც, მთელ ქართულ მოსახლეობას, მრავალი წლის მანძილზე, არაერთი კითხვის ნიშანი დაუგროვდა და არც თუ უსაფუძვლოდ. საქმე ეხება საცალო ქსელში საწვავის ფასის ხელოვნურად გაბერვას, რომელსაც კომპანია “სოკარი” და ხუთეულში შემავალი 4 კომპანია წლების მანძილზე კანონის დარღვევით ახერხებდა. თუმცა, აღნიშნული, ფაქტი მხოლოდ ეჭვებს არ ემყარება და მრავალი ექსპერტი, თუ ეკონომისტი კონკრეტული ფაქტებით ამყარებს წლების მანძილზე ზემოთ ხსენებულ ეჭვებს. თუმცა, ესეც არაფერი, ნახსენები დარღვევები ოფიციალურად დაადასტურა კონკურენციის სააგენტომაც, რომელმაც კომპანია”სოკარი” და კიდევ 4 ნავთობიმპორტიორი, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაში  დამნაშავედ სცნო.

კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდების შემდეგ,  კონკურენციის სააგენტომ 2014 წელს დაიწყო საწვავის ბაზრის შესწავლა. იმ ხანად ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი, 72-76-თეთრიანი მარჟით საქმიანობდნენ. თუმცა, ეს კონკურენციის კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ ის თუ რის ხარჯზე ახერხებდნენ ეს კომპანიები გაბერილი ტარიფებით ოპერირებას, ნამდვილად არღვევს, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს.

არსებობდა გონივრული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კომპანიები ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირების ხარჯზე ახერხებდნენ ბაზარზე არარეალურად მაღალი ფასის შენარჩუნებას, რაც საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მე-7-ე მუხლის, ა) ქვეპუნქტის, დარღვევაა. არსებულ ეჭვს აღრმავებდა ის გარემოებაც, რომ 5 წამყვანი ნავთობიმპორტიორი, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა რაოდენობის მარაგები შემოჰქონდათ, კალენდარული სიზუსტით, ერთსა და იმავე დღეს ცვლიდნენ ფასებს საცალო ქსელში. აღნიშნული გადაწყვეტილება, ხუთივე ბიზნესოპერატორმა სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კომპანიებისთვის არც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი და მათ სასამართლოს გადაწყვეტილება, ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს. საერთო ჯამში, დავები 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და კონკურენციის სააგენტოს კრახით დასრულდა. კერძოდ, შემდეგმა ინსტანციამ სააგენტოს ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაავალა, ბაზრის ხელახალი მოკვლევა სააგენტომ 2018 წლის ივნისში დაასრულა და კომპანიებს თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმა 18-ჯერ შეუმცირა. მაგრამ, თუ მოკვლევის შედეგებს გადავხედავთ, ისინი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მართალია, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მნიშვნელოვანი “არგუმენტები” მისცა როგორც”სოკარს”, ისე ხუთეულის წევრ ნავთობიმპორტიორებს, არაკონკურენტული ფასის “გასაპრავებლად”, თუმცა თუ ბაზრის კონიუნქტურას ჩავშლით, ბაზარზე სხვადასხვა ანომალიები ისევ შეინიშნება და კომპანია”სოკარიც” ამ ანომალიების სათავეშია.

მაგალითად, ყველამ კარგად იცის და თავად კომპანია “სოკარიც” არ მალავს, რომ ის გარკვეულწილად პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და თავისი მომსახურებით, ა.გ-ს განლაგებითა, თუ მომსახურებით ის მაღლა დგას, სხვა ე.წ. არაბრენდირებულ კომპანიებთან შედარებით და სწორედ ეს განაპირობებს მისი პროდუქტის საკმაოდ მაღალ ფასს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა კომპანია”სოკარი” არაბრენდირებული კომპანიების სეგმენტშიც არ თაკილობს შესვლას და საკუთარ ა.გ. გარეუბნებში ხსნის. სადაც ძირითადად განთავსებულია არაბრენდირებული კომპანიების სადგურები. ამაში ცუდი არაფერია, თუ კომპანიას სხვა სეგმენტის ათვისებაც სურს, რომ არა ერთი ნიუანსი. საქმე ის გახლავთ, რომ კომპანია, ასეთ გასამართებზე საკუთარ საკუთარ საწვავს საშუალოდ 24 თეთრით უფრო იაფად ყიდის, ვიდრე საკუთარ ბრენდირებულ სადგურებზე.

ნათელია, რომ კომპანია ვერცერთ შემთხვევაში წაგებაზე ვერ გაყიდის საწვავს, შესაბამისად გამოდის, რომ ბრენდირებული სადგურებიდან კომპანია “სოკარს”, ერთი ლიტრი საწვავიდან მინიმუმ 24 თეთრი რჩება.

სოკარი” საავტომობილო გაზის ბაზარზე

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კომპანია “სოკარს” ბაზარზე ვერტიკალური წვდომა აქვს და ის როგორც საცალო გამყიდველი, ისე საბითუმო მიმწოდებელიც არის. სწორედ ამ გზით მოახერხა კომპანიამ საავტომობილო გაზის CNG-ის ბაზრიდან, სხვა მოთამაშეების განდევნა. კერძოდ, 2014 წელს”სოკარმა” საცალო ქსელში კონკურენტებს მიწოდების ფასი გაუზარდა, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში “სოკარის” პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მოგვიანებით, კომპანიამ ფასები საკუთარ ქსელშიც გაზარდა.

ამ ფენომენს კონკურენციის კანონმდებლობაში დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ჰქვია და ის პირდაპირ ეწინააღმდეგება კონკურენციის სამართლის პრინციპებს. შესაბამისად, მსგავსი მონოპოლიური გადაწყვეტილებით დაზარალდა, ავტოგაზის ბაზარი და ქართველი მომხმარებელი.

თუმცა, საავტომობილო გაზის ბაზარზე, ეს “სოკარის” პირველი არაკანონიერი ქმედება არ იყო და უფრო ადრე, წინა ხელისუფლების დახმარებით კომპანია”სოკარმა”, თხევადი გაზის LPG-ის ბაზრიდან სხვა მოთამაშეებიც განდევნა.

კერძოდ, წინა ხელისუფლების დახმარებით თხევადი აირის შემომტანი ყველა კომპანია დაბლოკეს, გარდა კომპანია ,,სოკარისა”. მხოლოდ ამ უკანასკნელს დაუტოვეს ქვეყანაში LPG – ის იმპორტირების უფლება რამაც, ცხადია, მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი საწვავის ფასი ბუნებრივ აირთან შედარებით. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მხრიდან კომპანია ,,სოკარისთვის” სასათბურე პირობების შექმნამ ეს კომპანია თხევადი აირის მონოპოლისტად აქცია ქვეყანაში, თუმცა მაშინ ვერ გათვალეს რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რამაც მოგვიანებით მთელი სქემა ჩაშალა.

პირველი იყო ის, რომ კომპანია ,,სოკარის” პროდუქტს, სხვა იმპორტიორებისგან განსხვავებით ჰქონდა, იმდენად სპეციფიკური სუნი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული საწვავის მოხმარებას. მეორე ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ როგორც გამოირკვა “სოკარს” ტექნიკურადაც არ შეეძლო მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული პროდუქტის მიწოდება და რეალიზება. საბოლოოდ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მომხმარებელმა მალევე ეთქვა უარისსოკარის” თხევად აირზე.

ყველას სახლში მხოლოდ “სოკარი”

ბაზრების დივერსიფიცირება რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხში არაერთხელ საკუთარ მაგალითზე დარწმუნებულა საქართველო. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ისეთ სტრატეგიულ პროდუქტებს, როგორებიცაა ენერგომატარებლები. ამ მიმართულებითაც საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვს ქვეყანას. თუ გავიხსენებთ 2006 წლის იანვარს, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მაგისტრალური გაზსადენი გამიზნულად ააფეთქეს. იმხანად გაზსადენის აფეთქებაში რამდენიმე მხარეს ადანაშაულებდნენ, მთავარი ეჭვი კი თავად რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. სწორედ რუსეთი იყო გაზის ერთადერთი მომწოდებელი საქართველოსთვის. შესაბამისად, ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველო და სომხეთი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩნენ. ამ ფაქტმა ყველას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი თადარიგი არ დაუჭერია და თუ ქვეყანა 13 წლის წინ რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, დღეს რუსეთი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა და ქვეყნის გაზმომარაგებაც მხოლოდ ერთ კომპანიაზე -“სოკარზეა” დამოკიდებული.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 95 %-ი აზერბაიჯანიდან არის იმპორტირებული. მაგალითად, 2019 წლის საქართველოში 144 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება, რაც საერთო მოხმარების 5 %-ს არ აღემატება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, საქართველოში რუსული გაზის შემომტანი საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაა, რომელიც რუსულ გაზს შემდეგ აუქციონზე ყიდის და ამ გაზის მყიდველიც “სოკარ ჯორჯია გაზია”. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ”სოკარი” საქართველოს ბუნებრივი აირის 95 %-ს აწვდის, ხოლო დანარჩენი 5%-ის დისტრიბუციასაც თავად ახდენს, რომელსაც ქვეყანა რუსეთისგან ყიდულობს. ეს ზემოთ ნახსენები ბაზარზე ვერტიკალური დაშვების კლასიკური მაგალითია, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან პირდაპირ კორელაციაშია.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წარსული გამოცდილებიდან ბერს ვერ სწავლობს და ბაზრების დივერსიფიკაციის ნაცვლად, ერთ მომწოდებელს მეორეთი ცვლის. რაც რისკებს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს. თვის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” საქართველოს მრავალ ბაზარზე არც თუ კეთილსინდისიერად ოპერირებს და ამას სახელმწიფო საერთოდ ვერაფერს ვერ უპირისპირებს.

 

პეტრე ლეკიშვილი