კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის, ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა.
“დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას. ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს. “მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი”, -აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.