200 „ნაცის“ შეძახილი მე ვერანაირ დისკომფორტს ვერ შემიქმნის, მათ აქვთ თვითონ დისკომფორტი იმიტომ, რომ „ნაცები“ არიან“, – ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ექმნება თუ არა მას დისკომფორტი, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები „ქართული ოცნების“ წევრებს მონებს უწოდებენ.
კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციის ბაქიბუქს არანაირი ძალა არ აქვს“.
„ბაქიბუქობდნენ, რომ 800 კაცის შეკრებას აპირებდნენ და ვერ შეკრიბეს, ეს არის მათი რეალური ძალა. ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ მათ, რომ თუნდაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში. დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხს და განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციითაა მიღებული.
„მე ვფიქრობ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს, განაჩენი არის დამდგარი და არის საბოლოოდ ძალაში შესული და შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. ბუნებრივია, მას უნდა შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება. ამისთვის მხარის არდაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,“, – განაცხადა კობახიძემ.