ვიტალი დარასელიას გახსენება – რუსი ჟურნალისტები

სავალალო აწმყოსა და უნუგეშო მომავლის მქონე ქართველებს ისღა დაგვრჩენია, შორეული წარსული გავიხსენოთ, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში რაღაც მიღწევები გვქონდა. 13 დეკემბერი ლეგენდარული თბილისის “დინამოს” ბრწყინვალე ვარსკვლავის, ვიტალი დარასელიას გარდაცვალების დღეა. გარკვეული ხნის წინ ტელეკომპანია «HTB»-ს საფეხბურთო გადაცემაში საინტერესო, მეტად თბილი სიუჟეტი გავიდა ამ თემაზე.

«ვიტალი იყო კაცი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისს, ყველაზე საჭირო – საუკუნის გოლი გაიტანა!

ვიტალი დარასელიას შესახებ «ქართული სპორტის ოქროს წიგნში» — ამ სიტყვებს ამოიკითხავთ:
— «1981 წლის 13 მაისი, დიუსელდორფის რაინშტადიონი. ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი: დინამო, თბილისი-კარლ ცაისი, იენა. მატჩის 87-ე წუთი. ანგარიში — 1:1.
დავით ყიფიანის პასი, ვიტალი დარასელიას სოლო გარღვევა, მინდორზე მიმოფანტული კარლცაისიის მცველები და მოჭრილი დარტყმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში — 1:2!
თბილისის დინამო ევროპული თასის მფლობელია, ვიტალი დარასელია კი საუკუნის გოლის ავტორი!» …

… 1982 წლის 13 დეკემბერს დარასელია ავტო-კატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.
გარდაცვლილის ცხედარის პოვნა მაშველებმა, მხოლოდ 13 დღის ძებნის შემდეგ შეძლეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვიტალი დარასელია სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში მე-13-ე ნომრით თამაშობდა.

ასევე სიმბოლურია, რომ კარლცეისთან თამაშის დროს, როდესაც თბილისის დინამომ 1:2 გაიმარჯვა და თასის მფლობელი გახდა, ორივე გოლი აფხაზური და ოსური წარმოშობის ფეხბურთელებმა გაიტანეს»…