საერთო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, ამიტომ გავალთ ხალხში, მოვაგროვებთ ხმებს და უფრო ჟღერადს გავხდით საზოგადოებაში, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ერთ-ერთი საუკეთესო,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება შედგება, ისინი თავიანთ პოზიციას დააკორექტირებენ.
„ჩვენ მივდივართ იმ პროცედურით, რაც დავაანონსეთ. გავალთ ხალხში და მოვაგროვებთ იმ 200 000 ხელმოწერას, რომელიც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ კანონპროექტი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ განვიხილოთ უკვე სასესიო დარბაზში. რა თქმა უნდა, იყო საუბარი უმრავლესობის ფორმატში, რომ შეთანხმება მომხდარიყო, პოზიციები არის დაახლოებული, მაგრამ საბოლოო შეთანხმება არ არის გაფორმებული. თუკი მოვახერხებთ შეთანხმებას ურთიერთკომპრომისის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაკორექტირებთ. ამჯერად საერთო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, ამიტომ მივდივართ იმ პროცედურით, რაც დავაანონსეთ, გავალთ ხალხში და მოვაგროვებთ ხმებს, არა მხოლოდ ხმებს, არამედ უფრო ჟღერადს გავხდით საზოგადოებაში, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ერთ ერთი საუკეთესო, მით უმეტეს, ამ რეალობაში,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების (ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია) რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.