“საქართველო  „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა” – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ პუბლიკას  საკმაოდ ვრცელი  სიტყვით მიმართა.

მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში არა უბრალოდ ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი „კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში”.

საქართველო  „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

„იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე „მრავალჟამიერს“, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე „ვეფხისტყაოსანს“, უძღვებოდე ქართულ სუფრას და შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას“, – განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა.