ჰიმლერის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – ჟურნალისტური ანალიზი

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ჩრდილოურ ქალაქ ფლენსბურგში ახალი რაიხსპრეზიდენტი, იგივე გროს ადმირალი კარლ დენიცი ჰიტლერის ანდერძის მიხედვით საკუთარ მინისტრთა კაბინეტს ადგენდა. საბჭოთა ხელისუფლება მოითხოვდა ნაცისტური გადმონაშთების დაკავებას მოკავშირეებისგან, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ფეხი აითრიეს.
სურათზე: ბრიტანული დაზვერვის შენობა ლონდონში.
ჰაინრიხ ჰიმლერი, რომელიც უზარმაზარ ესეს(SS)-ის აპარატს განაგებდა, დენიცს ესტუმრა და მის სამსახურში ჩადგომის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ,,ზღვის მგელს,, შავი კორპუსის შეფი არარაობად მიაჩნდა და უარით გაისტუმრა.
   22 მაისს ბრიტანულ სექტორში ინგლისელებმა გერმანელი ჯარისკაცების ჯგუფი გააჩერეს და მოულოდნელად მათთვის, დაკავებულებიდან ესესის ფელდფებელმა  განუცხადა, რომ  შეხვედრა სურდა მოკავშირეების მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერთან. ფელდფებელი სასწრაფოდ ქალაქ ლუნებურგის კომენდატურაში მაიორ რაისს მიგვარეს. გერმანელმა მოულოდნელად ბრიტანელ ოფიცერს განუცხადა, რომ ის რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი იყო.
    პირველი რაც ქნა მოკავშირე ოფიცერმა ის იყო, რომ ჰიმლერს ავტოგრაფის დაწერა მოსთხოვა იდენტიფიცირებისთვის. რაიხსფიურერი დათანხმდა იმ პირობით თუ ხელმოწერას რაისი ნახვის შემდეგ მის თვალწინ გაანადგურებდა. ასეც მოხდა. მედიკოსებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ტყვე და მას მხოლოდ ყალბი ესდეს ფელდფებელის დოკუმენტი უპოვეს.
     ზოგადად მოკავშირეები გერმანელ ტყვე ჩინოსნებს კარგად ეპყრობოდნენ, რისი დასტურიც გახლავთ ლუფტვაფეს მბრძანებელი გერინგი. საწყის ეტაპზე ის ბრიტანელ და ამერიკელ ოფიცრებთან პრესისთვის პოზირებდა საპარადო მუნდირში. აი ჰიმლერის შემთხვევა განსაკუთრებული გამოდგა.
       იმავე დღეს საბჭოთა ზონაში ხმა მივიდა, რომ ლუნებურგში შავი კორპუსის ხელმძღვანელი ჰყავდათ ინგლისელებს დატყვევებული და აქედან გამომდინარე მათ შეხვედრა მოითხოვეს რაიხსფიურერთან. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
      23 მაისს ხელმეორე დაკითხვაზე მაიორ რაისთან, პატიმარმა ციანიდის ამპულა გატეხა. 15 წამის განმავლობაში სიკვდილს ბრიტანელი ექიმი უელსი ებრძოდა, მაგრამ უშედეგოდ.
     სამედიცინო დასკვნაში, მედიკოსებმა დაწერეს რომ ცხედარს გააჩნდა 27 საკმაოდ გაფუჭებული კბილი, მათ შორის რამდენიმე ოქროსი და ოქროს ხიდით. კრიმინალისტებმა მიცვალებულის ყური გამოიყენეს იდენტიფიცირებისთვის, რაც სასაცილოდ ჟღერს. ესეს-ის რაიხსფიურერი ჰიმლერი ისე დამარხეს, რომ მოწმედ არც მისი ღვიძლი ძმა დაასწრეს ცერემონიას და არც მეუღლე.
ჰიმლერი თავისი საღი კბილებით.
       სამაგიეროდб საბჭოთა დაზვერვამ მალევე ბერლინის გარეუბანში მიაგნო ჰიმლერის მკურნალ სტომატოლოგს ფრაუ ჰოიზერმანს და ბრიტანული დასკვნა წინ დაუდო. ჰოიზერმანმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ჰიმლერს არც ოქროს კბილები გააჩნდა და არც ოქროს ხიდი. მეტიც, მისი კბილები ყველა ბუნებრივი იყო და საკმაოზე მეტად მოვლილი. საბჭოთა დაზვერვას უკვირდა კიდეც თუ დაკავების პროცესში ჰიმლერს არ აღმოაჩნდა საწამლავი, რა მანქანით მოიკლა თავი მეორე დღეს. გაჩნდა ეჭვი, რომ რაისმა თავადვე ბოლო მოუღო რაიხსფიურერს და თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა ორეულზე.
      ლონდონმა წნეხს ვერ გაუძლო და სპეციალურად ახალი კომისია გაგზავნა ლუნებურგში, რომელმაც მიცვალებული ჰიმლერის ექსჰუმაცია განახორციელა. ამჯერად პროცესს დაასწრეს ესესის მეორე პირი ვალტერ შელენბერგი. შელენბერგმა ისე დატოვა გერმანია, რომ პასუხი მედიას არც დაუდასტურა, რომ მიწაში ჰიმლერი იყო დასვენებული. ინგლისელებმა კი  გვამი დაწვეს.
        ჰიმლერი ჯერ კიდევ 1943 წლიდან ცდილობდა მოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარებას ლისაბონის გავლით. უკვე იმ პერიოდში მის დაქვემდებარებაში იყო ,,ვუნდერვაფე,, ანუ იგივე “სასწაულმოქმედი იარაღის” მთელი არსენალი. ბრიტანელები და ამერიკელები კიდეც დაინტერესდნენ “რკინის ჰაინრიხის” საზავო პირობებით, მაგრამ არც სტალინს ეძინა და მოლაპარაკება ჩაიშალა. დადასტურებული ფაქტია, რომ ჰიმლერს, როგორც ჰიტლერს, ჰყავდა ორეულები. ალბათ სწორედ ამიტომაც მაიორმა რაისმა დაწვა ჰიმლერის ხელმოწერა, ხოლო მეორე დღეს ორეულზე გაითამაშეს თვითმკვლელობის ინსცენირება.
        მოულოდნელად ყველასთვის დუმილი თავად ვალტერ შელენბერგმა 1947 წელს დაარღვია და განაცხადა, რომ ესდეს აპარატში შედიოდნენ მაღალი დონის სპეციალისტები, რომელთაც უპრობლემოდ შეეძლოთ ბრიტანული ფუნტის გაყალბება და მისივე თქმით, ჰიმლერისთვის ელემენტარულად მარტივი იქნებოდა ფელდფებელის სამხედრო ბილეთის გაყალბებაც, რაც არ მოხდა.
    ისტორია საკმაოზე მეტად ბურუსითაა მოცული. ზოგადად, საბჭოეთი და ამერიკა ნაცისტური გერმანიის ზეპური საზოგადოების დაკავების შემთხვევაში, ბრიტანელებს ინფორმაციას აწვდიდნენ და დაკითხვაზე იწვევდნენ. აღნიშნულ შემთხვევაში კი ინგლისელებმა კოლეგიალურობა დაარღვიეს.
    თუმცა ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება, რომ ფელდფებელის ფორმაში გამოწყობილი რაიხსფიურერი ვეველსბურგის შავი ციხე-სიმაგრისკენ მიიწევდა, სადაც ,,ანანერბეს,, შტაბი იყო განლაგებული. თუ რატომ აირჩია მან იმ პერიოდში ვესტფალიისკენ წასვლა, რომლისკენ მიმავალ გზებს მოკავშირეთა სამხედრო პოლიცია აკონტროლებდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
 ბექა კვიციანი