კალაძის ირონია ანუ შრომისადმი დამოკიდებულება

გუშინდელ ზეიმზე, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს დროებით თავმჯდომარეობასთან ევროსაბჭოში და რასაც ევროპაში არავინ არასოდეს ზეიმობს, საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა,  კახი კალაძემ:

“ევროპაში ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70- წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა… მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც. დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა”.

კალაძის ნათქვამს “70-წლიან რეჟიმზე” ორგვარი გამართლება აქვს: ეს არის ირონია და თვითკრიტიკა მაშინ, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში ათწლეულების მანძილზე სიღატაკე და უმუშევრობაა მთავარი პრობლემა, ხოლო საბჭოთა საქართველოში 100-პროცენტიანი დასაქმება და ნოყიერი ცხოვრება იყო; ან, მეორე ვარიანტი –  იმაზე მინიშნება, რომ ქართველები საბჭოთა კავშირში არ იყვნენ მძიმე შრომით ქანცგაწყვეტილნი და მოძმე რუსეთის ხარჯზე ცხოვრობდნენ.

ორივე ვარიანტი ახლოსაა სიმართლესთან, კალაძეს კი იუმორის გრძნობას ვუფასებთ. მან ყველაზე კარგად იცის, რა დღეში არიან ის ახალგაზრდები, ვისაც მან მიმართა – მათი ის ნაწილი, რომელიც პლანის ქაჩვით არ არის დაკავებული, სწორედ ევროპაში ან უფრო შორს “გაძრომაზე” ოცნებობს, საქართველოში პერსპექტივას ხომ ყველაზე ნაკლებ ახალგაზრდობა ხედავს. ივანიშვილი ახლახანს დაპირდა საზოგადოებას, რომ წელიწადში 100-200 კაცს დაგვისაქმებენ ევროპელები. ჰოდა, ესენიც ოცნებობენ.

ძირს 70-წლიანი ლაღი ცხოვრება! ძირს რუსეთში გაკეთებული ფულები! ყველანი კომოს ტბაზე! – ჩვენც იუმორით ვპასუხობთ ჩვენს სასიქადულო მერს.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”