საქართველო თითქმის ქაოსის პირსაა მიყვანილი. ლიბერალ-ფაშისტური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანა მუდმივი სტრესის რეჟიმში ამყოფოს და ვითარება არიოს. ეწყობა პროვოკაციები დემოკრატიის სახელით. სინამდვილეში კი აშკარაა რევანშის მცდელობა და უპრინციპოთა გააქტიურება.
უპრინციპობა – მთავარი მახასიათებელი ნიშანი ქართული პოლიტიკისა და, ამავე დროს, მისი მთავარი დაავადება. პოლიტიკისთვის პრინციპების ღალატი ზოგადად უცხო არ არის, ეს ცხოვრებისეული მომენტია, მაგრამ, ამავე დროს, იგი ყოველთვის არ ამართლებს თუნდაც სუფთა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. უპრინციპობა წამგებიანია, ვინაიდან ხალხი ხედავს ამას და არჩევნებზე სჯის ასეთ პოლიტიკოსებს. ასე მაგალითად, როცა თავს იკლავ და იძახი წლების მანძლზე, რომ ებრძვი სააკაშვილს, შეურიგებელი ხარ მისი რეჟიმისადმი და უცბად ხალხი ამ სააკაშვილთან ერთად გხედავს სუფრაზე – სირცხვილი და დამარცხება გარანტირებული გაქვს.
ამავე დროს, ასეთი უპრინციპო პოლიტიკოსები იმდენად მომრავლდნენ, რომ ხალხს არჩევანის გაკეთება მაინც ასეთ ცუდ და უარესებს შორის მოუწევს. ეს დასანანია, ვინაიდან არსებობს რესურსი და შესაძლებლობა, წინა პლანზე გამოვიდნენ ჯანსაღი, შეუბღალავი ძალები, რომელთა გამოჩენასაც ელის ხალხი და მზად არის, თუკი მათ პერსპექტიულობაში დარწმუნდება, ენდოს და უკან გაჰყვეს მათ.
უპრინციპოთა უდიდესი ნაწილი დღეს ლიბერალების მხარესაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიბერალებს ჰყავთ თავიანთი „იდეური“ ლიდერებიც, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლიან თავიანთი მახინჯი იდეოლოგიით განპირობებულ პოზიციებს. ეს არის იდეოლოგიზირებული გუნდი, რომელიც საზოგადოების მცირე, მაგრამ აქტიურ და მოტივირებულ ნაწილს წარმოადგენს. შედეგად, ისინი გავლენას ახდენენ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, მმართველი ძალის ჩათვლით და მათ უპრინციპოებს თავიანთ ჭკუაზე ატარებენ ბევრ საკვანძო საკითხში, რომელთაგან მთავარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხია. რუსეთთან ურთიერთობას ტაბუ დაადეს ამ პრინციპულმა ლიბერალ-ფაშისტებმა და მათი შიშით ვერც უმრავლესობის და ვერც ოპოზიციის უპრინციპოებს ხმა ვერ ამოუღიათ, თუნდაც დიამეტრალურად სხვაგვარად ფიქრობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ეს გზა საქართველოსთვის დამღუპველია.
ეს გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს მოთხოვნას ანტიფაშისტურ და ანტილიბერალურ ძალებზე (რაც, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს შეერწყა, ბუნებრივია). მიგვაჩნია, რომ უნდა მოიძებნოს საშუალება, ამ ძალებმა მოახდინონ გაერთიანება თუ არა, თავიანთი ქმედებების ერთმანეთთან კოორდინაცია. აუცილებლად უნდა იქნას გადალახული პიროვნული ანტიპათია და დაპირისპირება კონსერვატულ-პატრიოტული ფლანგის პოლიტიკური ძალების ლიდერებს შორის (ასეთი ანტიპათიისა და დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში).
პრინციპულობა და იდეოლოგიისადმი ერთგულება უდავოდ აუცილებელი წინაპირობაა ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის შესაქმნელად, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს იდეოლოგიურ დოგმატიზმს, რეალობიდან მოწყვეტას და თეორიაში ჩარჩენას. უნდა მოხდეს კლასიკური „მემარცხენეობა“/“მემარჯვენეობის“ ურთიერთშეჯერება და უმაღლესი მიზნებისადმი დაქვემდებარება.
პატრიოტული ძალები დღეს გახლეჩილნი არიან ორი თვალსაზრისით: პირველი და უფრო გადაულახავი წინააღმდეგობაა მათ შორის პიროვნული დაპირისპირება და უნდობლობა; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი – იდეოლოგიური მოქნილობის ნაცვლად, სტერეოტიპებსა და დოგმებში ჩაკეტილობა, ლიდერების შიში, რომ „თავისიანებმა“ არ უსაყვედურონ „იდეის ღალატი“. პატრიოტული პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ გარკვეულ პლატფორმაზე და მათ არავინ სთხოვს ერთმანეთის დიდ სიყვარულს, უბრალოდ, უნდა შეეგუონ ერთმანეთის არსებობას და ურთიერთშორის ქიშპი და ომები მაინც უნდა შეწყვიტონ. მათ შორის მომრიგებლის როლის შესრულება შეუძლიათ საეკლესიო მოღვაწეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან „ნაყიდნი“ სოროსის ფონდისა და სხვა დასავლური სტრუქტურების მიერ.
ეს პლატფორმა აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული წინასაარჩევნოდ და ითვალისწინებდეს ხალხის ამჟამინდელ მდგომარეობას, მოთხოვნილებებსა და მოთხოვნებს. ხალხი გადაღლილია და პარტიებს, როგორც ინსტიტუტს დიდი უნდობლობით უყურებს, რადგან უკვე სამი ათეული წლის მანძილზე, ყველა პარტიამ გააცრუა ამომრჩევლის იმედები. ახალ პოლიტიკურ ძალას დიდი ენერგია და მოქნილობა დასჭირდება იმისათვის, რომ ხალხი დაარწმუნოს, რომ იგი სწორედ „ის“ ძალაა, რომლის გამოჩენასაც ამომრჩეველი შინაგანად ელის და სწადია. გამომდინარე აქედან, აუცილებელია სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევა, რომელთა მოგვარება მხოლოდ პოლიტიკოსთა ლამაზი სიტყვები კი არა, არამედ რეალისტური, რიგითი ადამიანისთვის დამაჯერებელი გეგმის საფუძველზე იქნება დამყარებული. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ საქმე აქვს არა მხოლოდ სწორი აზროვნების მქონე პრინციპულ პოლიტიკოსებთან, რომელთა ნდობაც შეიძლება, არამედ ისიც, რომ ამ პოლიტიკოსებს ძალუძთ, წარმატებას მიაღწიონ არჩევნებზე და არჩევნების შემდგომაც დაიცვან ხალხის ინტერესები.
აუცილებელია, ყველა პატრიოტმა პოლიტიკოსმა გადალახოს შიში, რომ ცალსახად დასავლური კურსის შეცდომად გამოცხადება და რუსეთთან ურთიერთობების პრიორიტეტზე აქცენტის დასმა არ ნიშნავს ბრძოლის პერსპექტივის დაკარგვას; პირიქით, ხალხი დაიღალა ტყუილებით, მას არც ნახევარსიმართლე უნდა, არამედ ითხოვს პოზიციის დაუფარავად გამოხატვას. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, ამას თვით ოდიოზური ამერიკული ორგანიზაციებიც აღიარებენ ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე. საკამათოდ რჩება, თუ რამდენი პროცენტი მოსახლეობისა უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას – ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს პროცენტი დაბალია, 40-ს ქვევითაა (იმიტომაც გაჰკივიან სოროსელები, რომ „რუსული პროპაგანდა“ საქართველოში ეფექტურად „მუშაობს“), მაგრამ ასე რომც არ იყოს, საჭიროა იმ თუნდაც შედარებით მცირერიცხოვანი ელექტორატის სრული მობილიზება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ვექტორს და კატეგორიულად არ (აღარ) ღებულობს ნატოსკენ მიმართულ, ქვეყნისთვის აშკარად წამგებიან მიმართულებას.
პატრიოტული ძალების მემარჯვენე-კონსერვატულმა ფლანგმა უარი უნდა თქვას საბჭოთა წარსულისა და კომუნისტური იდეოლოგიის გადაჭარბებულ კრიტიკაზე და შეეცადოს, ამ წარსულში მხოლოდ დადებითი მომენტები ეძიოს (რაც რეალურად არის და არა მოგონილი დადებითი მომენტები). მემარცხენე-კონსერვატულმა, კომუნისტურმა ძალებმა, თავიანთ მხრივ, უნდა აღიარონ მართლმადიდებელი რწმენის პრიორიტეტულობა საქართველოს მოსახლეობისათვის და ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რომლის გარეშე საქართველო აზრს კარგავს. ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ ღვთის რწმენა ყველა ადამიანის პიროვნული საქმეა, მაგრამ ყველა ერთიანდება იმ ფასეულობების გარშემო, რასაც ბიბლია გვასწავლის და ამ ფასეულობების დიდი ნაწილი ათეისტურ კომუნისტურ საზოგადოებაშიც მიღებული და გაზიარებული იქნა (კაცთმოყვარეობა, პატიოსნება, სათნოება, უშურველობა, ოჯახური და მეგობრული ერთგულება, მრავალშვილიანობის წახალისება, თავმდაბლობა, თანასწორობა, სხვადასხვა ეროვნების და რასის ადამიანებს შორის ძმობა, მოყვასის სიყვარული, რწმენის/პრინციპების ერთგულება, მათთვის თავგანწირვა და ბევრი სხვა).
პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობას აუცილებლად სჭირდება თანამშრომლობა „არასამთავრობო სექტორთან“ – იდეურად ახლო მდგომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უკვე გამოიჩინეს თავი და დაამტკიცეს საკუთარი პრინციპულობა. მიგვაჩნია, რომ საამისო ლაკმუსის ქაღალდია დამოკიდებულება 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი; ვინც ამ ომს აღიარებს საქართველოს ომად, ის მისაღებია, ხოლო ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ომი იყო „სხვისი ომი“, ხოლო ჩვენი წინაპრები არ იბრძოდნენ მართალი საქმისთვის – სამშობლოსა და მსოფლიოს ხალხების ფაშიზმისგან გადასარჩენად, ცალსახად გზას არის აცდენილი ან სულაც, იდეური მტერია. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა გაშალონ თავიანთი საქმიანობა ბევრი მიმართულებით და უზრუნველჰყონ პარტიის/პოლიტგაერთიანების კონტაქტი ხალხთან, ასევე, შეძლებისდაგვარად, უცხოელ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან. —
გულბაათ რცხილაძე