გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

გიგა ბოკერია, პროკურატურაში დაბარებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან აკავშირებს, რომელმაც “დაჭერები დაანონსა”.ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული  პროკურატურაში და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის დღეს გამოკითხვაზე არ მივა.

“არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხჰყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.