ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების განხილვა გაიმართა.
ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. განხილვას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ფონდის წარმატებულმა საქმიანობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ინვესტიციები მოიზიდოს ქარის და მზის ენერგიების მიმართულებით; ასევე ახორციელებს ბიომასის და ალტერნატიული ენერგიის პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას უწყობს ხელს. ფონდი ასევე ახორციელებს სოციალური დანიშნულების პროექტებს საქართველოს მთიანეთში ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სადაც ტრადიციული ელექტროენერგეტიკა არასდროს ყოფილა განვითარებული.
„ფონდი რამდენიმე ათეულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკაში და მისი პორტფელი დივერსიფიცირებულია. კომპანია, ერთი მხრივ, თავადაა პროექტირების ან მშენებლობის ეტაპზე არსებული ენერგოობიექტების თანაინვესტორი, მეორე მხრივ კი ახორციელებს კვლევებს, დამატებით არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რომელიც კვლავ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და ათვისებას მოხმარდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის 2019 წლის პორტფელი მოიცავს 5 ჰიდროელექტროსადგურის, ქარის 5, მზის 1 და 2 სოციალურ ჰიდრო პროექტს.
„2020 წლისთვის მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გაკეთდება. კერძოდ, დამატებით განხორციელდება ქარის ერთი და მზის ორი ელექტროსადგურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები; გარდა ამისა, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არდოტსა და როშკაში ფონდის მეშვეობით მოგვარდება ენერგომომარაგების საკითხი. 2020 წელს ფონდი პირველად განახორციელებს ინვესტიციას ბიომასის და სხვა ალტერნატიულ განახლებად პროექტებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”