ცხინვალის რეგიონში დღეს, 11 საათიდან უნდა განახლდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი.
საქმეს განიხილავს “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.
ვაჟა გაფრინდაშვილს სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება აქვს წაყენებული, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი – პირველი 18 და მეორე – 28 ნოემბერს. ექიმი ცოლ-შვილს მოკლედ წერდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს.
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.
საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.
ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ შეძლებდა ექიმის დაბრუნებას, ასევე საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები და გულშემატკივრები,.თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.