ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა  და ის ახლა კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის რადიოლოგიურ დეპარტამენტშია გადაყვანილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქირურგმა განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას დამატებით ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს, რაც კომპიუტერული კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება.

“პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობები, გულ- მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემო-პნევმო თორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნება ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის ე.წ. აკრომიონის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები. მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ თორაკოტომია ანუ , გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია, სისხლდენა გაჩერებულია, ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია თავის ქალის, ნახავენ დაზიანების ხარისხს და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მის მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას, საჭირო იქნება დამატებით კიდევ ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა. მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა ეს არის ცხოვრებისთვის საშიში დაზიანება, როგორ განვითარდება შემდგომი ტაქტიკა პოსტოპერაციული და საჭირო გახდება თუ არა დამატებითად სხვა ოპერაციების ჩატარება ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური, ამას გვაჩვენებს კვლევები,რომელზეც ჩამოყვანილია ახლა პაციენტი,”- განაცხადა ქირურგმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად ინტუბირებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.