ივანიშვილი, სავარაუდოდ, ახალ ოპოზიციას ქმნის

“ნიუსფრონტის” მიერ გამოკითხული სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა “ქართული ოცნების” გაყოფის გზით.

სავარაუდოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში მოხდება მმართველი ძალის ორად გაყოფა, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით. მოსამართლეების შერჩევით, პროპორციული სისტემის ჩაგდებით და ბიძინას სხვა ოინებით “უკმაყოფილოები” ოპოზიციის როლს შეასრულებენ, დანარჩენები კი სახელისუფლებო პარტიაში დარჩებიან.

ხელისუფლების მომხრეები პრემიერ გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანდებიან, ოპოზიციონერები კი – თბილისის მერის, კახი კალაძის გარშემო.

“ნიუსფრონტის” წყაროს მტკიცებით, “ნაციონალები” და მათი სატელიტი პარტიები ამ გეგმებზე მეტ-ნაკლებად ინფორმირებულნი არიან და სწორედ ამიტომ იმყოფებიან ისტერიულ მდგომარეობაში – “ნაცები” კარგავენ “მთავარი ოპოზიციის” სტატუსს, თუკი ივანიშვილის სავარაუდო გეგმა სისრულეში იქნა მოყვანილი.

თუ ეს სქემა რეალობად იქცა, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც უფრო ლოგიკური გახდება.