საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას არ სჯერა გამოძიების იმ ვერსიის, რომლის თანახმადაც, მის ძმას, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა მხოლოდ ერთმა კაცმა მიაყენა.
„მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ იურიდიული თვალსაზრისით უფრო წიგნიერად გაკეთდეს განცხადება. აქ ისე გამოდის, რომ ერთი კაცი დანით სჩადიოდა ამ უმსგავსობას და დანარჩენები უყურებდნენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მე ამას ვერ მივიღებ. თუ ეს არის ჯგუფური თავდასხმა, გასაგებია, მაგრამ ის, რომ ერთი კაცი არის და დანარჩენები ამას უბრალოდ თვალ-ყურს ადევნებდნენ, მაპატიეთ, მაგრამ მე ასეთი რამ არ მჯერა“, – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც დაჭრილის ძმა ამბობს, მას არაფერს ეუბნება დაკავებული ადამიანების ინიციალები და სახელი და გვარები.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.