“მოდულის შენობა” პარაზიტებისგან უნდა გაიწმინდოს!

ე. წ. “მოდულის შენობაში”, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) რეზიდენციას წარმოადგენს, ფუნქციონირებს ერთი კონტერქსტიდან ამოვარდნილი განყოფილება.

საუბარია ე. წ. “თავისუფლების ქარტია საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისია”, რომელიც დაკავებულია საქართველოს მემარცხენე პოლიტიკური ძალებისთვის, კერძოდ, კომუნისტური პარტიისთვის “გაფრთხილების წერილების” გაგზავნით. ამ წერილებში ერთი და იმავე შინაარსის ტექსტია – ყოველი 9 მაისის ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღის წინ, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას აფრთხილებენ, რომ მათ არ გამოიყენონ “ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკა”.

ეს წერილები იბეჭდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბლანკზე, სადაც მითითებულია “მოდულის შენობის” მისამართი – ვაჟა-ფშაველას გამზირი 72. ხელს აწერს ზემოთ ხსენებული “კომისიის” “თავმჯდომარე” სულხან გოცაძე.

გუშინ ანალოგიური წერილი, “ნიუსფრონტის” ინფორმაციით, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერმა, თემურ ფიფიამ მიიღო. წერილში მოთხოვნილია, რომ ფიფიამ “არ დაუშვას” და “აღმოფხვრას” ამ “ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება”.

მაშინ, როდესაც სუს-ი უძლურია თავისი ადგილი მიუჩინოს მართლაც ტოტალიტარულ “ნაცმოძრაობას”, დაამყაროს უსაფრთხო რეჟიმი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ხაზზე, გამოავლინოს საქართველოსთვის საბოტაჟის მომწყობნი და გაფილტროს უცხოეთიდან დაფინანსებული “არასამთავრობოები”, ეს ორგანიზაცია დროს, ფულსა და ადამიანურ რესურს ხარჯავს ასეთ სისულელეებში – დასდევს კომუნისტური პოლიტიკური მრწამსის ადამიანებს, საზეიმო დღეებში არ გამოიყენონ შრომის სიმბოლო – ნამგალი და ურო. ამ ყველაფერს აკონტროლებს “კომისია”, რომელსაც ვიღაც “თავმჯდომარე” ჰყავს და გაღატაკებული ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობს.

ერთიან კომუნისტურ პარტიაში მოითხოვენ, რომ სუს-მა დახუროს ეს, როგორც ისინი ამბობენ, “უბადრუკი განყოფილება და საქმეს მიხედონ”. ჩვენთან სატელეფონო საუბარში კომუნისტების ლიდერმა, თემურ ფიფიამ ისიც აღნიშნა, რომ გორში გამართულ მიტინგზე წარდგენილი იქნება რეზოლუცია, სუს-მა მოახდინოს “მოდულის შენობის” გაწმენდა “პარაზიტებისგან” (იგულისხმებიან “კომისიის თავმჯდომარე გოცაძე” და მისი “კომისიის წევრები”). მისი თქმით, დაუშვებელია, ჩვენისთანა ღარიბმა ქვეყანამ თავს უფლება მისცეს, კვებოს ასეთი პარაზიტული სტრუქტურები, ხოლო თუკი ამის საშუალებას სუსს მახინჯი კანონი არ აძლევს, მაშინ ორგანიზაციამ ეს საკითხი პარლამენტის წინაშე უნდა დასვას, კანონის შეცვლის ან გაუქმების კატეგორიული მოთხოვნით.