„ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ახალგაზრდები მოითხოვენ ამას? ეს ახალგაზრდები გულწრფელად მეცოდებიან,“ – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მისმა განცხადებებმა საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია, თუმცა ამავდროულად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. კუხიანიძის თქმით, ის მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს.
კუხიანიძე „ქართული ოცნების“ მიერ მისი უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვას შეცდომას უწოდებს და პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას კიდევ ერთხელ ითხოვს.
„ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ახალგაზრდები მოითხოვენ ამას? ეს ახალგაზრდები გულწრფელად მეცოდებიან იმიტომ, რომ ისინი სათამაშოები არიან ნაცისტური მოძრაობის ხელში. ხალხის რაღაც კატეგორია აყვირდა, კი. მერე რა? ამავდროულად, რამდენი ადამიანია, რომელიც მხარს მიჭერს? რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა. კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ბიძინას: მას ვთხოვ, რომ შემხვდეს. ყველაფერს მოვუყვები რა და როგორ ხდება. არავითარ შემთხვევაში მანდატს არ დავტოვებ იმიტომ, რომ ეს მანდატი საშუალებაა იმის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელო,“ – განაცხადა კუხიანიძემ.