რუსულმა დიპლომატიამ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში 2016 წლის არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ ამ ქვეყნის მიმართ ძალზე გააქტიურდა, მიაღწია დიდ წარმატებას – თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებში სერიოზული ბზარი გაჩნდა, რაც, ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთის მონაწილეობაზეც აისახა.
განსაკუთრებით დიდი დარტყმა აშშ-თურქეთის ურთიერთობებს და ნატოში თურქეთის აქტიურობას მიაყენა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის გადაწყვეტილებამ, რუსეთისგან შეეძინა ანტისაჰაერო-სარაკეტო კომპლექსი “ს-400”. ამერიკელებმა ეს გადაწყვეტილება ნერვოზულად მიიღეს, საჭირო გახდა თვით დონალდ ტრამპის უხეში ჩარევა, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ გამოუღია – ერდოღანი შეუვალი დარჩა.
აშშ-ის კონგრესში მომწიფდა გადაწყვეტილება, რომ საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღონ, “ს-400”-ის გამო, რაც, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილის აზრით, თურქეთის მიერ ნატოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ტოლფასია. ამერიკელმა კონგრესმენებმა თურქეთს პრეტენზიები წაუყენეს სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამოც. მანამ, სანამ “ს-400”-ის საკითხი გადაწყდებოდა, ამერიკელებს თურქების აქტიურობა სირიაში მაინცდამაინც არ ანაღვლებდათ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მიმდინარე წლის ოქტომბერში ამერიკელმა კანონმდებლებმა მთელი რიგი ეკონომიკური შეზღუდვები შემოიღეს თურქეთის წინააღმდეგ.
უფრო ფრთხილი და ალბათ, სწორი პოზიცია დაიკავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გუშინ წერილით მიმართა, რომ ანტითურქული სანქციების კანონი შერბილებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ შეერთებული შტატების ინტერესები დაზარალდება და თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში საფრთხის ქვეშ დადგება. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატების აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაკისრებული ვალდებულება, პარლამენტს 30 დღით ადრე ეცნობოს თურქეთისთვის შეიარაღებების ან სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ, გამოიწვევს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას, რითაც ისარგებლებენ მესამე ქვეყნების იარაღის მწარმოებლები.
სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ თურქეთისთვის საფინანსო დახმარების შეწყვეტა გამოიწვევს მსოფლიო საფინანსო და ეკონომიკური სისტემის დაზარალებას. წერილში ხაზგასმულია ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის არევის საფრთხე.
ამ ყველაფრით, ბუნებრივია, რუსეთი სარგებლობს და აძლიერებს თავის საერთაშორისო პოზიციებს. საქართველო კვლავინდებურად ამოვარდნილია საერთაშორისო კონტექსტიდან და ამ პროცესებს ჯეროვნად ვერ აღიქვამს.
“ნიუსფრონტი-საქართველო”