წელს საქართველოში ზამთრისთვის უჩვეულო ამინდები შეინიშნება, რაც ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გლობალურ დათბობას უნდა დავუკავშიროთ, ამას კი შესაძლოა ანომალიაც კი ვუწოდოთ.
საჭიროა კვლევების გამოქვეყნება იმისათვის, რომ წინასწარი ღონისძიების გატარება შეძლოს საზოგადოებამ და მოსალოდნელ პროცესებს მომზადებული შეხვდეს. მისივე თქმით, დაწყებულია ნეგატიური პროცესი, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს, როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზეც.
„ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას გვსიამოვნებს სითბო, თუნდაც ზამთარში, მაგრამ ეს ნორმალური და კარგი არ არის, – გლობალური დათბობის შედეგია. რაც შეეხება ქვეყნის მზაობას, ამ მხრივ პრობლემები სერიოზულია,” – ამბობს ჩხარტიშვილი.
მისივე შეფასებით, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თუმცა, ამ კუთხით ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.
„შეიძლება ჩვენი ზეგავლენა გლობალურ გარემოზე იმდენად დიდი არ არის, რადგან ეკონომიკურ კრიზისში და კატასტროფის პირობებში ვცხოვრობთ, თუმცა, გვაქვს ვალდებულება, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე საკუთარ მოქალაქეებთან პირველ რიგში, რომ ვაწარმოოთ ქმედებები, რომელიც შეარბილებს კლიმატის გლობალური ცვლილების ზეგავლენას ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ.” – თქვა მან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სპეციალისტები ტემპერატურის უჩვეულო მომატებაზე და მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც სწორედ ტემპერატურის უჩვეულო მომატება ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარების დნობას იწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფული ვითარების შექმნის წინაპირობას აჩენს. ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია.
„გააქტიურებულია მყინვარების დნობა, შეცვლილია კლიმატური პირობები და ამ ყველაფერს ზეგავლენა აქვს ბუნებრივი კატასტროფის პრევენციის კუთხით, რომლის სათანადო პროგნოზირებაც არ ხდება.
„მნიშვენლოვანი ამ მხრივ კვლევების წარმოება. ეს ცვლილება, რომელიც სახეზეა კლიმატთან დაკავშირებით, მოქმედებს ბუნებრივი ორგანიზმების გამრავლებაზე და გარკვეულ ცვლილებებზე. ხელისუფლება კვლევებზე ერთ თეთრსაც არ ხარჯავს, რისი შემდეგაც არის ის შედეგი, რასაც სამწუხაროდ ახლა ვხედავთ,” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი კატასტროფულ დნობას 2050 წლისთვის ელოდება, თუმცა, ნაწილი თვლის, რომ პროცესი დაჩქარებულია, შესაბამისად, კატასტროფული დნობა უფრო ადრეც კი არის მოსალოდნელი.
გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, „უაღრესად შეუსაბამო” იყო და შესაბამისად, არსებობს საფრთხე, გლობალურმა დათბობამ „უკან არდაბრუნების წერტილი” გადალახოს. ამის შესახებ მან მადრიდში ორკვირიანი საერთაშორისო კლიმატური კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
გაეროს ხელმძღვანელის თქმით, ტემპერატურის ზრდა და ამით გამოწვეული უფრო ექსტრემალური ამინდი უკვე იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რასაც დრამატული გავლენა აქვს ადამიანებსა და სხვა სახეობებზე. მისივე განცხადებით, მსოფლიოს აქვს გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის საჭირო მეცნიერული ცოდნა და ტექნიკური საშუალებები, მაგრამ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება.
წყარო: “ალია”