უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე : “ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები , მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა.”
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 18 დეპუტატის დღევანდელი განცხადება თავად ქუცნაშვილის მიერ არის დაწერილი, რომელსაც დეპუტატებმა შემდგომ მოაწერეს ხელი.
“ორი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მე თურქეთში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, არც ერთი კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესახებ არ დასმულა. ზაქარია ქუცნაშვილს იმის სურვილი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
დღეს მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს აძლევს უფლებას და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება. პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ” – განაცხადა დავით საგანელიძემ.