აფხაზეთში თურქეთის დელეგაციის ვიზიტი ანკარის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებასთან არის დაკავშირებული, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარტია“ვატანის” (“სამშობლო”) თავმჯდომარე დოგუ პერინჩეკმა.
“ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. ჩვენ აქ ჩამოვედით აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევით. ჩვენი მთავარი მიზანია, ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისთვის, რომ თურქეთის რესპუბლიკამ აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა, აღიაროს ის გმირობა, რომლის წყალობითაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა”, _ განაცხადა პერინჩეკმა. მისი თქმით, თურქეთს აფხაზეთან ისტორიული ფესვები აკავშირებს. “თურქეთში 500 ათასი აფხაზი ცხოვრობს – ეს დიდი რაოდენობაა. ჩვენ, აფხაზებსა და თურქებს, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენთვის შავი ზღვა საერთო სამშობლოა, რომელსაც ვიყოფთ აფხაზებთან”, – განაცხადა პარტია “ვატანის” ლიდერმა.
შემადგენლობაში დელეგაციისა, რომელიც სოხუმში ჩავიდა, იყო შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ქემალ უშუნჯუ, თურქეთის უდიდესი ჰოლდინგის -“ულკერის” წარმომადგენლები, პარტია “ვატანის” წევრები და საერთაშორისო ურთიერთობების ბიურო “ერმან სიულიუკის” წარმომადგენელი. დელეგაციის წევრები აფხაზეთში შეხვდნენ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, პარლამენტის სპიკერს.
თურქეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ხელისუფლებასთან ილაპარაკეს თავისუფალ საზღვაო მიმოსვლაზე, “აფხაზეთის პორტში პირდაპირ თურქეთიდან რომ შედიოდეს მგზავრები და საქონელი”.
“ეკონომიკური პერსპექტივა დააჩქარებს აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებას თურქეთის რესპუბლიკის მიერ. ჩვენ, აგრეთვე, ვგეგმავთ აფხაზეთის პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება აღიარების საკითხს”, – განაცხადა დოგუ პერინჩეკმა.
თავიანთი მიზნების რეალიზაციისთვის თურქეთის წარმომადგენლებს განზრახული აქვთ, “მასმედიის მხარდაჭერით დაიწყონ ფართო კამპანია თურქეთში”.
წყარო: “საქართველო და მსოფლიო”