“ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი…” – ინგა გრიგოლია

“ტვ პირველის”  დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა მინისტრს მათ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და დემაგოგიის მოსმენას არ აპირებს.

„შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედიამენეჯერებს შორის, ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს, რატომ დაედო ვალები „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. ჩემთვის ეს იყო დიდად უინტერესო. არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას, მითუმეტეს, რომ პასუხები არ ჰქონდა“, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე რჩებიან „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი და „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, “ფინანსთა მინისტრ იავნე მაჭავარიანს საუბრისას წამოსცდა, რომ აქამდე კონკრეტული ტელევიზიებს ვალი რომ არ გადაახდევინეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო”.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.შემდეგ კი, ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა – “ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი…” – განაცხადა გრიგოლიამ.