მე ძალიან მიკვირს, რატომ აქამდე არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
მისი თქმით, კითხვები მის კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა. თუმცა, დეპუტატი აქვე აცხადებს, რომ გამოძიება ამ საკითხზე მაშინ უნდა დაინტერესებულიყო, როცა ეკა ბესელია ხელისუფლებაში იყო.
როგორც კილაძემ აღნიშნა, მის გარდა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით კითხვები სხვა დეპუტატებსაც ჰქონდათ. ამასთან, სოფო კილაძე ამბობს, რომ თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, ის ვალდებულია და მზად არის ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს მათ.
„მე ამის შესახებ კითხვა დამისვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც მითხრა, რომ არის სავარაუდოდ, დაწყებული გამოძიება ქალბატონი ბესელიას მიმართ. მე არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ როცა გავხდი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ამ ქალბატონის მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ქალბატონმა ბესელიამ მე აღმიქვა პირად მტრად და ყველგან აბსოლუტურად საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან ახდენდა ჩემი სახელის დისკრედიტაციას. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე ახალბედა, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი.
ფაქტი იყო ასევე ის, რომ ჩვენ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და მას მიჰყავდა ეს სხდომა, მე მოვითხოვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან, რაზეც მას თავად ჰქონდა ძალიან ნეგატიური რეაქცია და მოაწყო ის გარკვეული სცენები. მას გადაეფარა ასევე ბატონი გოგიჩაიშვილი და ბატონი გედი ფოფხაძე და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა მე, რომ შემეჩერებინა ამ კითხვების დასმა, იმიტომ, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. იმის შემდეგ ფაქტობრივად რეაგირება არ ყოფილა ამაზე.
დაგიდასტურებთ, რომ ძალიან ბევრი დეპუტატი საუბრობდა მანამდეც ამ კითხვის ნიშნებზე, მე არ ვიყავი ერთადერთი. მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ კომიტეტის საქმიანობაში უფრო მეტად ჩავიხედე როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა კონკრეტული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.