სოციალური ქსელები არ კონტროლდება – თეა წულუკიანი

 ხელისუფლება სარეკლამო კომპანია “პანდასთან” ყოველგვარ კავშირს უარყოფს. თავის მხრივ, სარეკლამო კომპანია “პანდამ” გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც აღიარებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ, თუმცა “ქართულ ოცნებასთან” კავშირს თავადაც უარყოფენ.

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ვინც კანონს არ არღვევს, მათ შორის “პანდასაც”.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგია, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ შორის “პანდამაც“, თუკი ამით არ ირღვევა კანონი. კანონი არის ერთადერთი წითელი ხაზი, სხვა წითელი ხაზები არ არსებობს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ “პანდა” თავის საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავდა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

“მთავარია, რომ სახელმწიფოს ამ “პანდასთან” თუ რაიმე ასეთ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუკი ადამიანი, გინდა ტროლიაბოტია, კანონიერია თუ უკანონო, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, უპირველეს ყოვლისა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია “პანდამ” გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ბრალდებებს პასუხობს. “პანდა” აღიარებს, რომ “ფეისბუკზე” თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი “ნაციონალურ მოძრაობას” მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა “ქართული ოცნების სიყვარულით”, არამედ “დიქტატურის დაბრუნების შიშით”.

იქამდე, “ფეისბუქმა” გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა, ხოლო ეს ანგარიშები საქართველოს მთავრობასთან, ასევე – სარეკლამო კომპანია “პანდასთან” იყო დაკავშირებული.