რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას წინათ, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, პოლონეთის ელჩი 1930-იანი წლების გერმანიაში, იუზეფ ლიპსკი, “ანტისემიტ ღორად” მოიხსენია, რამაც პოლონეთის ხელისუფლება აღაშფოთა.
სურათზე: პოლონელი დიპლომატი ი. ლიპსკი (მარცხნივ, შავ ფრაკში) სამხედრო დამნაშავე იოზეფ გებელსთან ერთად (მარჯვნივ).
ვარშავაში რუსეთისთვის პროტესტის გამოსახატად გამოიძახეს პოლონეთში რუსეთის ელჩი ანდრეევი, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედგა “ხისტი, მაგრამ კორექტული” საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ იან ჰოფმოკლთან. რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს, მას ვინმემ “ნოტაციები წაუკითხოს”. ანდრეევმა ხაზგასმით აღნიშნა: “ჩვენ გვაქვს სათქმელი ისტორიული პოლიტიკის თემაზეც”.
შეგახსენებთ, რომ პუტინის მკვეთრი შეფასება პოლონეთის ელჩის მოღვაწეობასთან დაკავშირებით გამოწვეულია ელჩ ლიპსკის მიერ გაკეთებულ დღიურებთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი სორტის ადამიანები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჰიტლერთან და მათი შთამომავლები დღეს ანგრევენ წითელარმიელთა ძეგლებს, რომლებმაც ევროპა ნაციზმისგან იხსნეს. პუტინმა სამხედროებს უთხრა, რომ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ “რუსეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობისას”.
რუსეთში ოფიციალურად მოქმედმა ებრაულმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტის მიმართ “ღრმა მადლიერება” გამოხატეს “ასეთი ემოციური და მართალი შეფასების” გამო, როდესაც გამოქვეყნდა “ახალი ფაქტები, რომლებიც პოლონეთის მხრიდან ჰიტლერული გერმანიის მხარდაჭერას ადასტურებენ 1930-იან – 1940-იან წლებში”.