გაფრინდაშვილის გაუფრთხილებელმა საუბარმა შეიძლება, პრობლემა შეუქმნას ცხინვალის ციხის ბინადრებს

ანატოლი ბიბილოვის მიერ შეწყალებით გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აშკარად გადაღლილია და საზოგადოებისაგან დასვენებას საჭიროებს. მას არ უსვენებენ ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტუაციას ძაბავდნენ და პატიმრობაში მყოფ ვაჟა ექიმს უარესი საფრთხის წინაშე აყენებდნენ.

ახლა უკვე თავად ექიმი აკეთებს გაუფრთხილებელ განცხადებებს. კერძოდ, იგი ჰყვება, რომ მას ციხეში გადამალული ჰქონია შოკოლადი და კანფეტები, ასევე საუბრობდა მობილური ტელეფონით. ამას ციხის რეჟიმის დარღვევა ჰქვია. როგორც ჩანს, ბატონ ვაჟას ოსი ტყვეები პატივს სცემდნენ და გარკვეული სტატუსის მქონე პატიმრები მას ამგვარად “ანებივრებდნენ”. მაგრამ ბატონმა ვაჟამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ეს განცხადებები ამ ხალხს ცუდად შეიძლება, შემოუბრუნდეს.

მოვუწოდებთ ყველას, მოასვენეთ ბატონი ვაჟა და მიეცით საშუალება, თავის ოჯახთან ერთად იყოს მყუდროდ, შემდეგ კი ახალი ენერგიით დაუბრუნდეს თავის პაციენტებს.

 

გივი მდივნიშვილი,

სპეციალურად “ნიუსფრონტისთვის”, ვლადიკავკაზიდან