რომის პაპმა ქალს ხელი დაარტყა, მაგრამ მეორე დღეს ბოდიში მოიხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ მწუხარება გამოხატა ინციდენტის გამო, რომელიც ვატიკანში ახალი წლის ზეიმის დროს მოხდა. სამშაბათს საღამოს პაპი წმ. პეტრეს მოედანზე გამოვიდა, რათა მორწმუნეებს შეხვედროდა.

ერთმა ქალმა პაპს ხელზე ხელი ძლიერად ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა. ფრანცისკეს სახეზე შეეტყო, რომ ეტკინა. მან თავისი ხელი გაჭირვებით დაიხსნა და ქალს ხელზე დაარტყა, სანამ საქმეში დაცვა ჩაერეოდა.

ფრანცისკემ მოგვიანებით სინანული გამოთქვა თავისი საქციელის გამო. “მოთმინება – სიყვარულია. ხანდახან ჩვენ ვკარგავთ მოთმინებას, როგორც მე გუშინ დავკარგე. ამიტომ დღეს მე ვითხოვ პატიებას გუშინდელი ცუდი მაგალითის გამო” – განაცხადა პაპმა ოთხშაბათს, მორწმუნეებისადმი მიმართულ ტრადიციულ საახალწლო ქადაგებაზე.