აშშ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს. ინფორმაცია ამის შესახებ ერაყში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ერაყსა და რეგიონში დაძაბული ვითარების გამო საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. ამერიკელები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში ან გაემგზავრონ სხვა ქვეყნებში. საელჩოზე თავდასხმების გამო ყველანაირი საკონსულო მომსახურება ბაღდადში დროებით შეჩერებულია. ერბილში აშშ-ის გენერალური საკონსულო აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.
პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.
31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.
მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.
imedi.ge