ლუკაშენკო ბელარუსიაში სტალინის ძეგლის აღმართვას ემხრობა

ბელარუსიის პრეიზდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც ამ რესპუბლიკის წარმოება ნგრევას გადაარჩინა 1990-იან წლებში და ბელარუსიაში უმუშევრობა არც ერთი პროცენტით არ დაუშვა, ქვეყანაში სტალინის ძეგლის აღმართვას უჭერს მხარს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გასული წლის დეკემბრის ბოლო დღეებში რუსულ რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა.

ლუკაშენკო სტალინს იმ ფაქტის გამო ემადლიერება, რომ სტალინური პოლიტიკის და გერმანიასთან 1939 წელს, დროის და ტერიტორიების მოგების მიზნით დადებული ხელშეკრულების წყალობით (ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი), ბელარუსიის რესპუბლიკას ჩამოუყალიბდა ისტორიული სამართლიანობის შესაბამისი სახელმწიფო საზღვრები.

“მადლობა ეკუთვნის იოსებ ბესარიონის ძეს, მან აღადგინა ბელარუსია ამჟამინდელ საზღვრებში” – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ასევე დაეთანხმა მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ სტალინმა “თავი არ შეირცხვინა ჰიტლერთან პირისპირ შეხვედრით”, ხოლო გერმანიასთან ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გააფორმა, რაც დასავლეთმა ნაცისტებზე გაყიდა ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული რესპუბლიკა.