პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჰოლოკოსტის ხსოვნის მსოფლიო ფორუმს არ დაესწრება, რომელიც ისრაელში გაიმართება ამა წლის 22-23 იანვარს.
პოლონეთს ჰქონდა მცდელობა, ხელი შეეშალა ისრაელში ვლადიმირ პუტინის ჩასვლისათვის, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პოლონელების დანაშაულებებზე და წვლილზე ჰოლოკოსტის ანუ ებრაელთა გენოციდის განხორციელებაში მეორე მსოფლიო ომის დროს. დუდას ნების საწინააღმდეგოდ, პუტინი ისრაელში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და სავარაუდოდ, კვლავ ახსენებს პოლონელების ნეგატიურ როლს ჰოლოკოსტის ისტორიაში.
მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი მთავარი მომხსენებელი იქნება ისრაელის პრეზიდენტთან ერთად. ასეთი პატივი წილად არ ხვდა ანჯეი დუდას, ამიტომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ჩავიდეს იერუსალიმში. სამაგიეროდ, იერუსალიმში პუტინთან ერთად იქნებიან გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის ლიდერები. პოლონეთი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პოლონეთში ჩავლენ 27 იანვარს, წითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლებისა და ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღეს.
ფრიად ჩახლართული ვითარებაა ერთადერთი მიზეზის – პოლონეთის იმპერიული ამბიციების, გამო. ყოფილ რეჩ პოსპოლიტას რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ მიაჩნია, რომელიც საშუალებას არ აძლევს ვარშავას, თავისი გავლენა განავრცოს ბელარუსიაზე, უკრაინაზე, ბალტიისპირეთზე… ამიტომ საქმე აბსურდამდე მიდის – რუსეთის პრეზიდენტი არ დაესწრება 27 იანვარს წითელი (ანუ საბჭოთა) არმიის მიერ მთავარი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის – ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებებს (შეგახსენებთ – ოსვენციმი პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე დაბაა, სადაც იყო განლაგებული საშინელი სიკვდილის ბანაკი). საკვირველია, რატომ წყინთ პოლონელებს, თუკი ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი მათ თავიანთ ანტისემიტურ წარსულს შეახსენებს?!
არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, არამედ ებრაელებიც ამბობენ ამას. არც მეტი, არც ნაკლები, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისრაელ კაცს ეკუთვნის ფრაზა: “პოლონელებმა ანტისემიტიზმი დედის რძესთან ერთად შეითვისეს”.