საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის გახდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში კი ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

მან პატრიარქობამდე, დიდი და მძიმე გზა განვლო. 1977 წლის 23 დეკემბერს კი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.