გამაფრთხილებელი გასროლები ერაყში ამერიკული ბაზის მიმართულებით

შაბათს, 4 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სამი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა: ცეცხლი გაუხსნეს რაიონს, სადაც განლაგებულია აშშ-ის საელჩო, ასევე პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონს ალ-ჯარდიასა და ალ-ბალადის სამხედრო ბაზას, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილშია.

სურათზე: ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ბაღდადი, 4 იანვარი. 

The Mediatimes“-ის ფოტო.

 

დაღუპული არავინაა, თუმცა სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა. ორი რაკეტა დაეცა ამერიკულ სამხედრო ბაზას.

გარდა ამისა, ყუმბარებით დაცხრილეს ერაყის უსაფრთხოების ძალების შტაბის გარე ნაწილი, სადაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ ერაყის სამთავრობო შენობა-ნაგებობებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ დგას ამ შეტევების უკან, თუმცა ყველაზე უფრო რეალურია, რომ ეს ყველაფერი პროირანული “ყატაიბ ჰისბულას” ნახელავია, რომელიც შიიტურ რაზმეულში, “ალ-ჰაშდ აშ-შააბის” შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამ დაჯგუფებამ გააფრთხილა ერაყელები, რომ კვირა დღიდან ჩამოცილდნენ ამერიკული ბაზის მიმდებარე ტერიტორიას, მინიმუმ 1 კილომეტრის მანძილზე.

ამის პარალელურად, როგორც ვიუწყებოდით, ირანის სულიერ ცენტრში ყომში, ჯამყარანის გრანდიოზული მეჩეთის თავზე, პირველად ისტორიაში აღიმართა ომის წითელი, იმამ ჰოსეინის დროშა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან მოახლოებულ “წმინდა ომს” და შურისძიებას მოასწავებს.