აშშ-ის მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა ბიძგი მისცა ბირთვულ დაძაბულობას

შეერთებული შტატების მიერ უმაღლესი რანგის ირანელ გენერალზე, ყასემ სოლეიმანიზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკა საბოლოოდ გამოდის “ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან”, რომელიც ჯერ კიდევ ტრამპის ამერიკამ დაარღვია 2018 წელს და ირანს ეკონომიკური სანქციები ცალმხრივად დაუწესა.

მიუხედავად აშშ-ის გადაწყვეტილებისა, ირანი ჩინეთთან, რუსეთთან და ევროპის წამყვან ქვეყნებთან – გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, განაგრძობდა შეთანხმების პირობების დაცვას. სოლეიმანის მკვლელობის (ტერაქტის) შემდეგ კი ეს პირობები აღარ არსებობს.

ირანის ისლამური რესპუბლიკა განაგრძობს ურანის შეუზღუდავ გამდიდრებას და ცენტრიფუგების წარმოებას, რაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ იყო შეზღუდული. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბბას მუსავიმ განაცხადა, რომ თეირანი უარს არ ამბობს ხუთეულთან (რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) დიალოგზე, თუმცა ჯერ აშშ-მ უნდა აგოს პასუხი სოლეიმანის მკვლელობაზე.