აშშ-ირანის დაპირისპირებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაურკვეველი მომავლის ფონზე ყურადღებას იქცევს ლიბერალური პრესის ფაცი-ფუცი მთავრობის მხრიდან ნატოს გემებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე. საქმე ეხება ალიანსის სამხედრო ხომალდების ქართულ პორტებში ყოფნის საკანონმდებლო ბაზას. “ნიუსფრონტი” გთავაზობთ “ბათუმელების” მასალას, უცვლელად:
ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 26 მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, 2019 წლის 26 დეკემბერს შესული ცვლილებით, კანონს დაემატა შემდეგი პუნქტი:
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“
საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან [ანუ, 2019 წლის 26 დეკემბრიდან] 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი დადგენილების მიღება, რომლითაც ნატო-ს გემებისთვის აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი დამტკიცდება.
ცვლილება შევიდა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის ერთ-ერთი პუნქტი [მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი] ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა:
„საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში“.
—
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, 2005 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ.