ირანელი გენერალი ტყუილად არ დაიღუპა – “იანკები” გარბიან

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის დანაშაულებრივ და თან სულელურ გადაწყვეტილებას (“სულელური” უწოდა ერაყის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა აბდელ-ქერიმ ხალფმა), განგსტერულ სტილში “დაეკვეთა” ელიტური ირანელი გენერლის, სოლეიმანის მკვლელობა, ამერიკისთვის სტრატეგიულად ცუდი შედეგი მოჰყვა:

ამერიკელი პარაშუტისტები. საარქივო ფოტო. spiegelonline.de

ერაყის პარლამენტის, მთავრობის და სამხედროების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე ამ ქვეყანაში განლაგებული ამერიკული სამხედრო შენაერთები ევაკუაციას დაიწყებენ და რამდენიმე კვირაში რეგიონს დატოვებენ. ამ ინფორმაციას უკვე ადასტურებენ დასავლური სააგენტოები. აქვე აღვნიშნავთ, რომ დასავლური მედია სულ უფრო ხშირად ხმარობს ტერმინს “მკვლელობა” – ირანელ გენერალთან მიმართებაში.

სააგენტო “როიტერსი” იტყობინება, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელმა გენერალმა უილიამ სილიმ (William Seely) წერილი გაუგზავნა ერაყის გენერალურ შტაბს. წერილში ნათქვამია, რომ ამერიკული საჯარისო ნაწილები მომავალი დღეების და კვირის მანძილზე ახალ პოზიციებს დაიკავებენ, რათა მოამზადონ თავიანთი გადაადგილება ერაყიდან. ერაყული არმიის წარმომადგენელმა ამ წერილის ავთენტურობა დაადასტურა, რასაც პენტაგონი ჯერ არ აკეთებს.

იმავე “როიტერსის” მიხედვით, ამერიკელი გენერლის წერილში აღნიშნულია, რომ ჯარების გაყვანა ვერტმფრენების გაძლიერებული ფრენებით განხორციელდება. თვითმხილველთა ცნობების თანახმად, წერილის გამოქვეყნების შემდეგ ერაყის დედაქალაქის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი მართლაც გამოჩნდა.