ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა სრული სიცხადე შეიტანა ეკლესიის პოზიციაში ყოფილი დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით:
- პირველ ეტაპზე, სანამ მიდიოდა გამოძიება და სიმართლე უნდა დადგენილიყო, ეკლესიას არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო და გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. შესაბამისად, მამალაძის შეწყალებასაც ვერ მოითხოვდა ეკლესია;
- როდესაც გამოძიება დასრულდა და მამალაძის ბრალი სასამართლომ დაადასტურა, ეკლესია მზად იყო, მისი შეწყალების საქმე დაესვა სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ მამალაძე რატომღაც შანტაჟის ენით ალაპარაკდა და ეკლესიას პირდაპირ დაუპირისპირდა. ყოფილი დეკანოზი მამხილებელი წერილის გამოქვეყნებით იმუქრებოდა. ამ ფონზე ეკლესიამ ყოველგვარი ქმედებები შეწყვიტა, რათა არ ყოფილიყო აღქმული ისე, თითქოს ეკლესიაში ვინმეს შეეშინდა მამალაძის მხრიდან “მხილების”;
- გავიდა ორი წელი, მამალაძის მიერ შეპირებული “მამხილებელი” მასალები არსად გამოჩნდა, თუმცა მას ყველა საშუალება ჰქონდა, ეს გაეკეთებინა. სინოდის წევრებმა მოითხოვეს, რომ მამალაძეს, თუკი ასეთი წერილი ჰქონდა, გამოექვეყნებინა. პასუხად ისევ არაფერი.
- ვინაიდან არანაირი წერილი არ გამოჩნდა მთელი ორი წლის მანძილზე, შესაბამისად, დამტკიცდა, რომ ეკლესია თავის თავს შანტაჟის ობიექტად არავის გადააქცევინებს. ამიტომ დაისვა საკითხი მამალაძის შეწყალების თაობაზე. წმიდა სინოდმა შესაბმისი თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ციხიდან გამოსული მამალაძე ვინმეს რამე პრობლემას შეუქმნის, გარდა საკუთარი თავისა, არ არსებობს. შესაბამისად, ეკლესია არ არის დაინტერესებული, ყოფილი დეკანოზი ციხეში იჯდეს. წმ. სინოდმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული გულმოწყალების პრინციპით და მხარი დაუჭირა მამალაძის გათავისუფლებას. არც ციხეში მჯდომი და არც თავისუფალი მამალაძე ეკლესიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეს რეზიუმე გავაკეთეთ მეუფე იოანეს უშუალო სიტყვებიდან, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა.