როგორც ვიუწყებოდით, ირანმა ერაყში მდებარე ორი ამერიკული ავიაბაზა დაბომბა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრებს ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი” პირდაპირ აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიება გენერლის მკვლელობის გამო.
თავდასხმა მოხდა საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადზე, სადაც 1500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ირანის მეორე სამიზნე ქალაქ ერბილის აეროპორტი იყო. ირანმა ერბილის მიმართულებით 15 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ დაღუპულია 80 ჯარისკაცი.
ბაზებზე თავდასხმის შემდეგ ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებიც გააფრთხილა, რომ მათი სამიზნე გახდება ამერიკის ყველა მოკავშირე, ვინც საკუთარ ბაზებს შტატების სამხედრო ძალებს უთმობს.
“ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედროები გვყავს. ოფიციალურ განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ,” – ტრაბახობს ტრამპი, რომელიც აქამდე ირანს განადგურებით ემუქრებოდა.
ზოგიერთი სხვა ამერიკელი პოლიტიკოსის რეაქციები:
რესპუბლიკელმა სენატორმა ლენდსი გრემმა თავდასხმას “ომის აქტი” უწოდა.
“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რა სურს ირანს. თეირანის ქმედება იყო ომის აქტი. ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებისთვის შტატების პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება აქვს ირანს პასუხი გასცეს,” – განაცხადა ლენდსი გრემიმ.
“ნათელია რომ თეირანის ქმედება ტერორიზმის გამოხატულებაა. ირანს ერაყის დაპყრობა სურს. სანამ ირანის ამ ქმედებას პასუხს გავცემთ, ფაქტები გვჭირდება. შესაძლოა ირანს მოლაპარაკება სურდეს,” – აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ.